Georgian Academy of Natural Sciences
საქართველოში მიმდინარე მოვლენები მტკივნეულად ეხება თითოეულ ჩვენგანს. ისინი აუცილებლად მოითხოვენ გააზრებას და შესაბამის რეაგირებას.
საქართველო ყოველთვის იდგა თავისუფლებისა და დემოკრატიისაკენ მიმავალ გზაზე და როდესაც მოქალაქეები გრძნობენ, რომ მათი მომავალი შეიძლება საფრთხის ქვეშ დადგეს, ეს იწვევს მათ სამართლიან პროტესტს. თუმცა ამ დროს საჭირო და აუცილებელიცაა, რომ მათი ემოცია არ გადაიზარდოს ისეთ ქმედებებში, რაც ხელს შეუშლის ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას.
საქართველოს გზა ევროკავშირისკენ ჩვენი საზოგადოების ღირებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებაა და არა მხოლოდ გეოპოლიტიკური არჩევანი. აქ ხელისუფლება და ხალხი ერთნაირად სწორუპოვრები და გონიერები უნდა იყვნენ. ეს მათი ისტორიული პასუხისმგებლობაა. გვჯერა, რომ ერთობლივი ძალიხმევით, ევროინტეგრაციის პროცესი კვლავაც თანმიმდევრულად გაგრძელდება.
საქართველო პატარა, მაგრამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანაა. აქ ძალზედ საჭიროა საერთაშორისო პარტნიორებთან კონსტრუქციული ურთიერთობა, რასაც რუდუნებით უნდა იცავდნენ და უფრთხილდებოდნენ ქართველი პოლიტიკოსები, როგორც ხელისუფლებიდან, ასევე ოპოზიციიდან. ყველას გვჭირდება მშვიდი და ეფექტური კომუნიკაცია, რათა დავიცვათ ეროვნული ერთიანობა. პოლიტიკა უნდა ემსახურებოდეს საერთო კეთილდღეობას და არა მხოლოდ გარკვეული ჯგუფების მიზნებს.
საქართველოს დემოკრატიული პროცესის ქვაკუთხედი არის ხალხის ნება. საზოგადოების პროტესტი და მოთხოვნები უნდა აღიქმებოდეს, როგორც სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი სიგნალი, რომელიც საჭიროებს შესაბამის რეაგირებას. ქვეყნის ხელმძღვანელობას აქვს მოვალეობა, დაიცვას არა მხოლოდ კონსტიტუციური წესრიგი, არამედ უზრუნველყოს, რომ ხალხის ხმა იქნეს გაგონილი და გათვალისწინებული. დემოკრატიული მმართველობა გულისხმობს არა მხოლოდ ძალაუფლების ფლობას, არამედ პასუხისმგებლობას, რომელიც აღებული უნდა იყოს საზოგადოების წინაშე.
მივმართავთ ყველა მხარეს: გამოიჩინეთ პასუხისმგებლობა, იპოვეთ ბალანსი და იფიქრეთ საქართველოს ხვალინდელ დღეზე.
საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემია